მაღალი დონის ხელოვნებისა და ბიზნესის შერწყმის იდეა ნათია გოცირიძეს ეკუთვნის.
პირველი ქართული საიუველირო სახლი ,,მარილისი“ დაარსებიდან მეცხრე წელს ითვლის. მაღალი დონის ხელოვნებისა და ბიზნესის შერწყმის იდეა ნათია გოცირიძეს ეკუთვნის. პროფესიით იუველირ-დიზაინერს, სფეროში აკადემიური განათლება პრაღის ხელოვნების სკოლაში აქვს მიღებული.
,,მარილისის“ კოლექციები თავიდან ბოლომდე საქართველოში იქმნება. სამკაულის სახლს საკუთარი ადგილობრივი წარმოება, ანალიტიკური ლაბორატორია და შემოქმედებითი ატელიე აქვს, სადაც პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყოველდღიურად ახალ, საინტერესო მოდელზე “მარილისის” სამი ხაზისთვის მუშაობს.
Marilisi Royal ოქროს ექსკლუზივების კოლექციაა და განსაკუთრებული, უიშვიათესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესრულებული. ასეთ კოლექციებს მსოფლიოში სულ რამდენიმე ბრენდი ქმნის.
Marilisi Pestige ოქროს ლიმიტირებული კოლექციაა და შეზღუდული სერიებით მზადდება. პირველი ორი ხაზი მთლიანად ოქროსა და ძვირფას თვლებშია შესრულებული. რაც შეეხება, Marilisi Charisma, ეს არის ვერცხლის კოლექცია, სადაც შენარჩუნებულია დიზიანის მაღალი სტანდარტი. ნაკეთობები კი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით შემკული ვერცხლის ლითონითაა დამზადებული. ეს ხაზი საშუალო შემოსავლების სეგმენტზეა გათვლილი.
ნათია გოცირიძე ,,მარილისის“ დამფუძნებელი და მისი კრეატიული ხელმძღვანელი: „სამკაული ფუფუნებაა და ის ყოველთვის ძვირია ყველგან. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ლამაზი დიზაინის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი მასალებსა და შესრულებაში. ,,მარილისში“ მაღალი სტანდარტი ეხება ყველაფერს: შემოქმედებიდან და წარმოებიდან დაწყებული, მომსახურებით დამთავრებული. მაგალითად, საწარმოო პროცესები და ლაბორატორიული შემოწმება შეესაბამება ამ სფეროს ევრონორმებს. “მარილისში” მუდმივად იხვეწება თანამშრომლების კვალიფიკაცია, რაშიც უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციებიც გვეხმარება. მე ზედმიწევნით კარგად ვიცნობ ევროპულ საიუველირო ბაზარს, წარმოებას და მარკეტინგს, ვმეგობრობ ბევრ ცნობილ იუველირთან და მათი გამოცდილება ნამდვილად ძვირფასია. ისინი ჩვენი შემოქმედებით არიან აღტაცებული, სიამოვნებით გვეხმარებიან ტექნიკური მხარის თუ სერვისის დახვეწაში.
პირადად მე ვთვლი, რომ ქართული სამკაული, როგორც დარგი, ქვეყნის კულტურის ექსპორტის ძალიან ეფექტური ბერკეტია. მომხმარებელმა, რომ მაღალი დონის პროდუქცია და სერვისი მიიღოს, ამაში კრეატიული ჯგუფის, ოსტატების, მენეჯერების და კონსულტანტების ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. პირადად მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სამკაულის მოყვარულებთან ურთიერთობა და მათთვის ბევრი საინტერესო, თუნდაც პროფესიული “საიდუმლოს გამხელა". ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “მარილისმა” შეძლო და საქართველოში ევროპული სამკაულის სახლის სტანდარტი დანერგა. ეს არის მუდმივი განვითარების გზა.
პირველი ნაბიჯები საიუველირო ბიზნესში...
საწყის ეტაპზე ჩვენი ამოცანა განსაკუთრებული და გამორჩეული კოლექციის შექმნა იყო, რითაც ,,მარილისს“ მოყვარულები და პროფესიონალები გაიცნობდნენ. თამასა იმთავითვე მაღალი დავდეთ. ეს არ იყო კომერციული გათვლებით გაკეთებული კოლექცია, აქცენტი შემოქმედებაზე და რთულ, უძველეს ტექნოლოგიებზე გავაკეთეთ. ამ კოლექციამ მთელი მსოფლიო მოიარა. ამ გათვლამ საზოგადოებასთან სწორი მესიჯი მიიტანა და სასურველი შედეგი გამოიღო. ,,მარილისის“ კოლექციებს ქართველი და უცხოელი ხელოვნებათმცოდნეები თუ ექსპერტები აფასებენ თვითმყოფად, გამორჩეულ, დახვეწილ და უბადლოდ შესრულებულად. ჩვენთვის მათი რეცენზიები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ადამიანების აზრს მსოფლიო საიუველირო საზოგადოება ითვალისწინებს და უსმენს.
ჩვენი პირველი გამოფენა თიბისი ბანკის თანადგომით განხორციელდა. თიბისიმ დაგვითმო თავისი გალერეა და ყველანაირად ხელი შეგვიწყო, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯები წარმატებული ყოფილიყო. ასეც მოხდა, წარმატება გადამდებია. თიბისი ახლაც აგრძელებს ჩვენს პარტნიორობას. სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთეთ ბანკის მიერ წამოწყებულ კამპანია - ბიზნესდაჯილდოვებაში „გააზიარე წარმატება”.
სად იყიდება მარილისის ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები?
,,მარილისის“ მაღაზიების ქსელი თბილისის გარდა (ი.აბაშიძის 43 ) , წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით: ბორჯომში, საირმეში, კახეთსა და ბათუმში. ეს ქსელი კიდევ გაიზრდება, რადგან რეგიონებში ჩვენ დავნერგეთ ე.წ. ,,ჰოტელშოპინგის“ ხაზი, რაც ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ საქართველოში ინოვაციაა. ეს განსაკუთრებით ტურისტებისთვისაა მოსახერხებელი. ჩვენი კოლექციების ხილვა ფეისბუქითაც შეუძლია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს.
რა ღირს მარილისის სამკაულები?
ვეცხლის ხაზი იდეალური სასჩუქრე კოლეაციაა. ფასები ვერცხლის სეგმენტში 200 ლარიდან იწყება და იზრდება ნაკეთობის შემკობიდან გამომდინარე.
ოქროს სეგმენტში მინიმალური ღირებულება 600-700 ლარია.
განსაკუთრებული თემაა ექსკლუზივები. აქ შედის ინდივიდუალური შეკვეთებიც, რომლის ღირებულება დამკვეთის სურვილზეა მიბმული და ფასი რთულია წინასწარ განსაზღვრო.
მზა კოლექციას რაც შეეხება, მისი მომხმარებლები სერიოზული მოყვარულები, კოლექციონერები არიან. ადამიანები, რომლებმაც იციან რასთან აქვთ საქმე. აქ ექსპონატების ღირებულება იწყება 5-6 ათასი დოლარიდან. საიუვილერო სფერო ფუფუნებაა, მაღალი დონის და მხატვრულად ღირებული ნაკეთობა ვერასდროს ეღირება იაფი.
რეალიზაცია და სამომავლო გეგმები..
გაყიდვები ამ ეტაპზე მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ექსპორტი ჯერჯერობით არ ხორციელდება, მაგრამ ახლო მომავალში ჩვენი კოლექციები აუცილებლად გავა ქვეყნებში, სადაც აფასებენ ნამდვილ ხელოვნებას. “მარილისის” კოლექციები არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი. მათ შორის, ჰააგაში, ლოს ანჯელეში, პრაღაში, კიევში, ასტანასა და და ალმატაში. გამოხმაურებები გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა ნამდვილად არის.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მარკეტინგული ხედვით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის შემოსავლები სამკაულის ბიზნესისთვის სულაც არაა იმედისმომცემი, მაგრამ ფაქტია, რომ მომხმარებელი ჰყავს ამ სფეროს. მათი გამოხმაურებები “ მარილისის” მიმართ უზარმაზარ ძალას გვაძლევს. ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს სტუმრებს მოსწონთ “მარილისი”. ყოველ დღე იმატებს მათი რიცხვი, ვისთვისაც ძალიან მოდური და პრესტიჟულია “მარილისის” სამკაული. ჩვენ ვიზრდებით ერთგულ მომხმარებელთან ერთად და ამისთვის უდიდესი მადლობა მათ, ვინც აღიარა ჩვენი ხარისხი, შეიყვარა ჩვენი სტილი და ამაყობს ქართული სამკაულის ბრენდით “მარილისი”. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.