სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას.
არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში. ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის“ ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.
მალე „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს.
„თიბისი დაზღვევის“ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის“ კონურენტული უპირატესობა.
ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის, ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა“ აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს.