მერსედეს ბენც
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
მერსედეს-ბენცის შესახებ
მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.
ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული „დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ პროდუცირებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა.
1888 ემილ ელენიკი ფსევდონიმით „მერსედესი” (თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის პატივსაცემად, რომელსაც მოფერებით სახელს მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის „მერსედესი” ჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ ის მხოლოდ მძღოლის სახელი იყო. 1900 წელს ელინეკმა „დაიმლერ - ძრავების საზოგადოებასთან” მიაღწია შეთანხმებას ახალი უფრო მძლავრი ძრავიანი მოდელის შექმნაზე, რომელსაც სახელი „მერსედეს-დაიმლერი” დაერქმეოდა. სწორედ ამ დროს იქნა „მერსედესი”, როგორც პროდუქტის სახელი გამოყენებული. იმავდროულად ელენიკი დაიმლერის დისტრიბუტორი ხდება და უკვეთავს მას 36 ცალ ავტომობილს, საერთო თანხით 550.001 მარკა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევრო), მოგვიანებით იგი დაიმლერს უკვეთავს დამატებით კიდევ 36 ცალ ავტომობილს, რომლებიც 8 ცხენის ძალიანი ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი.
ამის შემდეგ, 1901 წლიდან, „მერსედეს-ავტომობილები” (უკვე ეს სახელი არამხოლოდ მძღოლისთვის, არამედ უშუალოდ მანქანების სახელად გამოიყენებოდა) წარმატებით მონაწილეობდნენ ნიცაში გამართულ ავტორბოლებში, რამაც გაცილებით ფართო მასშტაბებზე გაშალა მერსედესის ცნობადობის ფაქტორი. საბოლოოდ დაიმლერ - ძრავების კორპორაციამ 1902 წელს ბრენდის სახელწოდებაზე - „მერსედესი” საავტორო უფლებები დაიცვა. ბრენდის ცნობილი სიმბოლოს - ვარსკვლავის რეგისტრაცია კი 1909 წელს მოხდა.