2019 წელს 20 ლარით და 2020 წელს კიდევ 20 ლარით გაიზრდება პენსიები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
„მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო პენსიებთან დაკავშირებით, მათ შორის, პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. თუმცა ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯის ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს - 20 ლარით გაიზრდება პენსიები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.