საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა. თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მიმდებარე ტერიტორიას ამუშავებენ.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოში, ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩნდა ხანძარი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარს მასიურ ტყემდე არ მიუღწევია.
მომხდარის შედეგად, დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი,“- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.